თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველ დირექტორ ჩია დერ ჯიუნთან ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა წარადგინა, რაზეც სინგაპურულმა მხარემ წინადადების განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.
სების ცნობით, შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართა.
ნათია თურნავას განცხადებით, სინგაპურის ცენტრალური ბანკი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.
„სინგაპურის ცენტრალური ბანკი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური სერვისების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით თანამშრომლობა. უკვე აქტიურად ვხედავთ სინგაპურული ორგანიზაციების დაინტერესებას საქართველოთი და გვინდა მარეგულირებლებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ რეფორმებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და GFTN-ს შორის არსებულ თანამშრომლობასაც. ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა „თბილისის ფინანსური სამიტის“ მნიშვნელობაზე, რომელიც სინგაპურულ მხარესთან პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორჯერ გაიმართა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს, როგორც რეგიონული ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბის, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენის საკითხები.
სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მცირე ზომის მიუხედავად, ორივე ქვეყანას ახასიათებს მაღალი მოქნილობა გადაწყვეტილებების მიღების ეფექტური პროცესში, რაც ინოვაციების სწრაფ დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მისი შეფასებით საქართველოში დინამიკურად ვითარდება ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში მას რეგიონში მიმზიდველობის ცენტრად და მთავარ მოთამაშედ აყალიბებს.
„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ გააჟღერა ინიციატივა სინგაპურის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ. სინგაპურულმა მხარემ აღნიშნული წინადადების განხილვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სების საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი კეჟერაშვილი.
