თბილისი (GBC) – რიკო ექსპრესმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 130  მილიონი ლარის ოდენობის, საკრედიტო პორტფელით უზრუნველყოფილი, 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც 100 მილიონი ლარი განათავსა. დარჩენილ თანხას კი, წლის განმავლობაში, კომპანიის ლიკვიდობის საჭიროების შესაბამისად განათავსებს.  განთავსება რიკოსთვის ბაზარზე პირველადი ემისიაა.

ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი TIBR + 2%-ით განისაზღვრა, რაც საქართველოში, ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დაბალი განაკვეთია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისო) საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ის მიერ, B+ დონით და სტაბილური პერსპექტივით განისაზღვრა. განთავსების იურიდიული მრჩეველი BLC Law იყო.

მისოს ემისიის შედეგად მობილიზებული 100 მილიონი ლარი, სრულად კომპანიის არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებას მოხმარდება.

განთავსებული ობლიგაციების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ლარის სხვა საჯარო ობლიგაციების მსგავსად, ეს ობლიგაციებიც საქართველოს ეროვნულ ბანკში იქნება დაგირავებადი, რაც ინვესტორ კომერციულ ბანკებს ლარის დამატებითი რესურსის ხელმისაწვდომ ფასში მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.

თიბისი კაპიტალს სულ, 60-ზე მეტი ობლიგაცია აქვს განთავსებული. მათ შორის, 8 ირლანდიისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე. 2022 წლის მონაცემებით, კაპიტალის ბაზარზე ჯამური განთავსების მოცულობით, ბაზრის 77%-ს იკავებს.

თიბისი კაპიტალი საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი კომპანიაა, ემსახურება კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს.მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში