თბილისი (GBC) - ივანიშვილის ექსმრჩეველი გია ხუხაშვილი ლილუაშვილის ამბავმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

მაკა ანდრონიკაშვილთან სტუმრობისას TV პირველის ეთერიდან გვირჩია, რომ ამ ცხოვრებას ისე შევხედოთ როგორც კინოს.  პოპ-კორნიც მასზეა, რისი დეფიციტიც ქვეყანაში არ არის, მაგრამ ამ კინოს მაყურებელთა უმეტესობა მადაკარგულია.

ბოლო 30-წლეულის მულტიპროფილური ექსპერტის შეფასებით, სუსის ექსშეფი არასდროს დაუპირისპირდება ივანიშვილს. ლილუაშვილი მისი ინსტრუმენტია და ამიტომაა საფრთხე კობახიძისთვის, რომელიც ველს ითავისუფლებს ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობაზე.

გულისხმობს ძალაუფლების მემკვიდრეობას. თუმცა ფიქრობს, რომ პაჟების აქტივობა, როგორც მათ ბლოგერი იაკობაშვილი მოიხსენიებს, ივანიშვილის პირდაპირ მემკვიდრემდეც მივა. ხუხაშვილი ეჭვობს, ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს, რომ ივანიშვილის გაკოჭვა ბერაზე გასვლისთვისაა.

მისი თქმით, სქემის ავტორი "ნიჭიერი სოციოპათია", რომელმაც სენსიტიური თემით შანტაჟისთვის დროც ოპტიმალური შეარჩია. "ქარვასლა იწვის" ამბავია. კასსა უცარიელდებოდა და კობახიძის ამოღების სერვისით ამიტომაც დაიკერა.

სატელევიზიო ეთერიდან ხუხაშვილის ხმაში თითქოს ემპათია იგრძნობოდა. ივანიშვილი კიცხავდა, თუმცა უფრო გულშემატკივრის და არა სეირის მაყურებლის პოზიციიდან. მზრუნველობითიც კი იყო მისი  ნათქვამი. დანანებით აღნიშნა, რომ ბერა "ცუდი რაღაცეებისთვის მამას არ უნდა გაემეტა". შვილს მეტად უნდა გაფრთხილებოდა. თავის თამაშში ასე ღმად არ უნდა ჩაეთრია. შეცდომა სტრატეგიულია და ძვირად დაუჯდება. ამას ივანიშვილისგან არ  მოელოდა და გაკვირვებულია.

გასაკვირია მართლაც. გარემოც იმდენად არაპროგნოზირებადი გახდა, პანდემიიდან მოყოლებული და იმდენად არაადეკვატურად ვითარდება მოვლენები, რომ არც ის გამიკვირდება თუ ხუხაშვილსაც თამაშში შესვლის თავისი დროის მოლოდინი ალაპარაკებს.

ხუხაშვილი რასაც ფიქრობს ალბათ იმას ზუსტად არ ამბობს და რასაც ამბობს კი გამოდის, რომ კობახიძეს ივანიშვილისთვის მანევრების შეზღუდვის უნარიც გააჩნია და ფინანსური ზურგიც აქვს. ისეთი ვინმესგან, ვინც მისი თანაწონადია.

"ვეჭვობ რომ მათ აქვთ სერიოზული ზურგი ბიძინას ადეკვატური ძალისგან. გარკვეული გარანტიები აქვთ მიღებული კრემლში თუ სად არ ვიცი", - ხუხაშვილის მიგნებებიც მყიფედ მეჩვენება, ოცნების დიფსთეთის საფრთხობელასი არ იყოს. ყველაფერი ზუსტად იცის, გარდა ზურგის საყრდენისა.

არ მოსწონს ივანიშვილს რომ აღარ ეპუებიან "ეს ბავშვები", რომ ეტლიკინებიან, ბიძინასთვის ბოსობის ჩამორთმევას რომ ლამობენ.

მისი შეფასებით, ლილუაშვილის ხელშეუხებლობის ხელყოფაც ამის დასტურია. ყველაფერი ბოსისთვის მიმზიდველი მომსახურების შეთავაზებით დაიწყო. სალაროს ქურდების დაბეზღებით და მისი ამოვსების დაპირებით. როგორც ხუხაშვილმა თქვა, კობახიძემ ფული რომ ვერ ამოიღო, თამაშს პოლიტიკური ელფერი მისცა. შავი ხელით ქოლცენტრების დანაშაულებრივი სქემის ხელმძღვანელი ამოატივტივა, გამოააშკარავა, როგორ ფინანსდებოდა პოზიციის კორუფციული თანხებით ოპოზიციური მედია.

ამ თამაშში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი "სად იყო და სად არაც" კარგად  თამაშობს. ფეხის წვერებზე ვერ დგება და ვერც ბუქნაობს, მაგრამ მეორე ხმა კი აქვს გამჭოლი. ზოგისთვის ალბათ ბანიც, ხავერდოვანი.

პაპუაშვილის თქმით, ლულუაშვილის ქეისი ქვეყნის სწორი ინსტიტუციური მოწყობის სახეა.

ხუხაშვილი კი სულ ტყუილად კი საუბრობს სახეცვლილებაზე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა მასზე წლების წინ თქვა (2013 წ):

"გია ხუხაშვილს არც ადრე ჰქონია ის საოცარი ადგილი, რასაც ანიჭებდნენ და არც დღეს არ დაკარგულა. რაც იყო მაშინ, ის არის დღესაც"