თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი სამი თვის ვადით.

ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიამ", შესაძლოა, 5-წლიან საინვესტიციო გეგმას გადახედოს და დააკორექტიროს.

ნარმანიამ სემეკის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ პარასკევს მათ კომპანიისგან მიიღეს ცნობა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა საინვესტიციო გეგმა დააკორექტირონ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარეგულირებელმა დენის არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

დავით ნარმანიას თქმით, გარდა აღნიშნული ფაქტორისა, ტარიფების განახლების გადაწყვეტილება გადავადდა ენერგეტიკის ბალანსის დაზუსტების და მთავრობასთან კონსულტაციის მიზეზით.

„სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი, ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და თვითონ უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისია შემდგომ გაანგარიშებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული ფორმით. ასევე კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ, პარალელურად, ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი.

სამი თვის მერე რა პროცედურები იქნება, ამასთან დაკავშირებით თქვენ იქნებით პერიოდულად საქმის კურსში, რადგან კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსიც, შესაბამისად, კომისია ყოველთვის იხელმძღვანელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და რომლის საფუძველზეც იქნება დაანგარიშებულ ტარიფები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.

101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრია, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრი.

რეგიონების რაც შეეხება: "ეპ ჯორჯიას“ მომხმარებლებს, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 14.731 თეთრს შეადგენს. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლები ერთ კილოვატში 23.227 თეთრს იხდიან.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები თბილისსა და რეგიონებში ასე გამოიყურება: „თბილისის ენერჯი“ - კუბური მეტრის ფასი 53.971 თეთრი; „სოკარ ჯორჯია გაზი“ - კუბური მეტრის ფასი 56.928 თეთრი; „საქორგგაზი“ - კუბური მეტრის ფასი 56.990 თეთრი; „თელავგაზი“ - კუბური მეტრის ფასი 58.863 და ა.შ.