თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტრო მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ბანკთან, Oppenheimer-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპს განიხილავს. ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და ბანკის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის, მაქს ლემის შეხვედრაზე მთავარი ყურადღება საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს დაეთმო.

Oppenheimer უკვე აქტიურად უჭერს მხარს ქართულ კერძო სექტორს საერთაშორისო ასპარეზზე — ბანკი ჩართულია კაპიტალის ბაზრებზე ქართული კომპანიების მიერ ობლიგაციების განთავსების პროცესში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი პარტნიორობა გადამწყვეტია ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისა და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისთვის.

მინისტრთან გამართულ მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებითაც საინვესტიციო გიგანტი საქართველოს ფინანსური სისტემის შემდგომ განვითარებაში შეიტანს წვლილს.