თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში ელექტროენერგიის გამომუშავებამ საქართველოს 995 გვტ. საათი შეადგინა, რაც წლიურად 15.8%-იანი ზრდაა. 

ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურ ჭრილში 51.9%-ით გაიზარდა 672 გვტ. საათამდე, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება წლიურად 17.6%-ით გაიზარდა 6.6 გვტ. საათამდე. რაც შეეხება თბოსადგურებს, მათი გამომუშავება 23.3%-ით, 316 გვტ. საათამდე შემცირდა.

ამავე თვეში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 1.8%-ით გაიზარდა და 1,226 გვტ. საათი შეადგინა.

საინვესტიციო კომპანია წერს, რომ თებერვალში საცალო მოხმარებამ 703 გვტ. საათი შეადგინა (-2.2% წ/წ), ხოლო პირდაპირი მოხმარება წლიურად 25.4%-ით გაიზარდა და 266 გვტ. საათს გაუტოლდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7%-ით, 257 გვტ. საათამდე შემცირდა.
 
2026 წლის თებერვალში, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი ერთ კილოვატ საათზე 5.57 აშშ ცენტრს გაუტოლდა, რაც წლიურად 6.6%-იანი შემცირების ტოლფასია.

ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები თვიურ ჭრილში 10.6%-ით შემცირდა.

ამავე თვეში საქართველოში 277 გვტ. საათი მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
 
იმპორტირებული ელექტროენერგიის 29%, 81 გვტ. საათი, ქვეყანამ აზერბაიჯანიდან მიიღო.

ამასთან, რუსეთიდან იმპორტირებული 194 გვტ. საათი ელექტროენერგიის დიდი წილი, 129 გვტ. ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარების დასაფარად იყო გამოყვანილი.

თებერვალში საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი ჯამურად 7.3 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.