თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლო საავტომობილოზე“ მებაჟე ოფიცრებმა თამბაქოს ნაწარმის უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. კანონდარღვევის გამოვლენაში გადამწყვეტი როლი საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგმა ოფიცერმა და სპეციალურად გაწვრთნილმა სამსახურებრივმა ძაღლმა ითამაშეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მებაჟეებმა ჯამში 1170 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამრღვევებს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჰქონდათ განთავსებული, კერძოდ:

  • მსუბუქი ავტომობილების საბურავებში
  • სალონის წინა პანელში
  • საწვავის ავზში

ორივე ფაქტთან დაკავშირებით საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.