თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა.
სებ-ის განცხადებით, ვინაიდან წერილში აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს სცილდება, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს გადაეცა. ეროვნულ ბანკში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გარემოებების ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტება დროულად დადგინდება.
ამასთან, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, საკითხის სრულ სიცხადემდე, მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე ნანა ყეინიშვილის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს განიხილავს.
რაც შეეხება თავად ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული სუბიექტი გეგმიური შემოწმების შედეგად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის დაჯარიმებულია.
