თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 9.9%-ით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა.

2025 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3%-ით); 
  • მშენებლობა - 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5%-ით).

2025 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 743.4 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 586.5 ლარი. ქალების ხელფასი წინა წელთან შედარებით 151.8 ლარით (9.5%) გაიზარდა, ხოლო კაცების - 245.9 ლარით (10.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2025 წელს სახელმწიფო სექტორში ხელფასი 12.8%-ით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად 1 895.4 და 2 301.0 ლარი შეადგინა. 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი სახელმწიფო სექტორში 405.6 ლარით (17.6%) ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორთან შედარებით.

2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 173.9 ლარით (8.6%) გაიზარდა და 2 198.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 097.1 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 2.2%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 340.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.1%-ით) დარგში დაფიქსირდა.

2025 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 233.7 ლარით (12.5%) და 2 100.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია.