თბილისი (GBC) - „ბაზისბანკის“ აქციონერები, CEO -სთან ერთად რეგულატორს ესტუმრნენ, ლიბერთისთან  მიერთების საკითხების გასავლელად.

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ნინო ჯელაძესთან შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერებასა და მე-3 სისტემური ბანკის ჩამოყალიბებას. ინტეგრაციის პროცესის დადგენილ ვადებსა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი გადახდების სქემისა და საგადახდო სისტემების დაკავშირების პროექტზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს და ჩინეთის ცენტრალური ბანკები აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისთვის აქტიურად თანამშრომლობენ, რაც გადახდების პროცესის გამარტივებასა და ტრანზაქციული ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საბანკო სისტემის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი, საბანკო ზედამხედველობისა და  საზედამხედველო პოლიტიკის  დეპარტამენტების წარმომადგენლები.