თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასთან ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მაკროეკონომიკურ პერსპექტივებსა და რისკებზე.

ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.  სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი და სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.