თბილისი (GBC) - UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ოთხშაბათს საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ-დელიში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის 20-ე სესიაზე მიიღეს.
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება წარმოადგენს „ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცოდნისა და შრომის აღიარებას“, ხაზს უსვამს ქართული ენდემური ხორბლის სახეობების მნიშვნელობას და აძლიერებს სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირს.
კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.