თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ოთხშაბათს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 8.25%-მდე გაზარდა. სებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობით და ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდით გამოწვეული ინფლაციური რისკების პრევენციით. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციური წნეხი დიდწილად გარე ბაზრებიდან, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებიდან მომდინარეობს.

„თუ დავაკვირდებით აპრილის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რამაც მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, საქართველო, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა, მოწყვლადია საერთაშორისო ფასების მერყეობის მიმართ, რასაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კიდევ უფრო ამწვავებს.

განაკვეთის მცირედით გაზრდა პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციას. აპრილში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 5.9% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ 3%-ს.

სებ-ის ინფორმაციით, მზადაა განაგრძოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური შოკების ამოწურვამდე, ვიდრე ფასების დონე მიზნობრივს არ დაუბრუნდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს გაიმართება.