ერევანი (GBC) – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ორშაბათს განაცხადა, რომ თბილისთან მიღწეულია შეთანხმება საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულების თაობაზე. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ერევნის საგარეო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრე ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან საზღვრის დადგენა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების სტრატეგიული გეგმის ნაწილია.
„ჩვენს დღის წესრიგში დგას საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი და ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ამ თემაზე. ამით სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საზღვრების საბოლოო საერთაშორისო აღიარება სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად მოახდინოს რესურსების ფოკუსირება ქვეყნის განვითარებაზე.
საქართველოსთან ერთად, ფაშინიანმა მიმოიხილა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაციის პროცესიც. მან მაგალითად მოიყვანა უკვე დემარკირებული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც სამხედრო შენაერთები მესაზღვრეებმა ჩაანაცვლეს. ფაშინიანის თქმით, ერევნის მიზანია, ყველა სახელმწიფო საზღვარი მესაზღვრეების პასუხისმგებლობის ქვეშ გადავიდეს, რაც რეგიონში მშვიდობის დამყარების სიმბოლო იქნება.
საქართველოსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის სიგრძე დაახლოებით 224 კილომეტრია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ათწლეულების განმავლობაში დელიმიტირებული არ ყოფილა. ბოლო პერიოდში მხარეებმა გაააქტიურეს მუშაობა საზღვრის სრულ დადგენაზე, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების დეკლარაციას ეფუძნება.
ფაშინიანის განცხადებით, რეგიონი „ისტორიულ ცვლილებებს“ განიცდის, რაც სამხედრო ესკალაციის რისკების შემცირებასა და სასაზღვრო ზონების სამოქალაქო კონტროლზე გადასვლას გულისხმობს.