თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC (TBC PLC) $200 მლნ-იანი ობლიგაციების გამოშვებაზე აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს TBC Uzbekistan-ის ზრდის დაჩქარებას.
სამწლიანი, სინთეზური ობლიგაცია უზბეკურ სუმშია დენომინირებული (ანგარიშდება დოლარში) და იგი 22%-იან კუპონს შეიცავს უზბეკური სუმით.
ობლიგაცია რამდენიმე ტრანშად გაიცემა. პირველი ტრანში უზრუნველყოფს $140 მლნ-ის მოზიდვას, ხოლო დარჩენილი $60 მლნ ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო 12-18 თვეში.
ჯგუფის განცხადებით, ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა, რომლებიც ვენის მრავალმხრივ სავაჭრო პლატფორმაზე (Vienna Multilateral Trading Facility, MTF) არის განთავსებული, ასახავს ინვესტორთა ნდობას ჯგუფის სტრატეგიის მიმართ და მზარდ ინტერესს უზბეკეთის მიმართ – ქვეყნის, რომელიც ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე დიდია და ეკონომიკურად სწრაფად იზრდება - დიდი, ჯერ აუთვისებელი პოტენციალით.
ჯგუფის მიერ მოზიდული სახსრები მიმართული იქნება TBC Uzbekistan-ის სწრაფი ზრდის ტემპის მხარდასაჭერად და ეკოსისტემის პროდუქტების პორტფელის გაფართოებისათვის.
ჯგუფი ბაზარზე დივერსიფიკაციას განაგრძობს და ახალი, მაღალი ზრდის მქონე სეგმენტების ათვისებას, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ბანკინგსა და დაკრედიტებაში.
ინვესტიცია TBC-ს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო სწრაფად იმოქმედოს უზბეკეთის ბაზარზე, სადაც მისი ციფრული ეკოსისტემა დინამიკურ ზრდას განაგრძობს. 1Q25-ში სესხები და შემოსავლები წლიურად ორჯერ გაიზარდა და უკვე ჯგუფის მთლიანი შემოსავლების 21%-ს მიაღწია. ძირითადი ბიზნესის მასშტაბის ზრდასთან ერთად, TBC Uzbekistan მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს ბიზნესის განვითარებაში, ინფრასტრუქტურასა და კადრების მოძიებაში - პროცესში, რომელსაც ახალი დაფინანსება კიდევ უფრო დააჩქარებს, - აცხადებს TBC PLC.
TBC Uzbekistan - ი 19.7 მილიონ რეგისტრირებულ მომხმარებელს მოიცავს და აერთიანებს სამ სწრაფად მზარდ ფინტექ ბიზნესს: TBC UZ – ქვეყნის უდიდესი ციფრული ბანკი, Payme – ციფრული გადახდების აპლიკაცია ფიზიკური პირებისა და მცირე ბიზნესებისთვის და Payme Nasiya (განვადებები) – განვადების პლატფორმა.
„მოხარულნი ვართ, გამოვაცხადოთ ობლიგაციების გამოშვებაზე, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ინვესტიციას ჩვენი სწრაფად მზარდი უზბეკეთის ბიზნესისთვის. ინვესტორების მაღალი მოთხოვნა ასახავს ნდობას ჩვენი მომგებიანი ზრდის სტრატეგიის მიმართ და უზბეკეთის ფართო შესაძლებლობებისადმი. ეს ასევე ადასტურებს ჯგუფის შიგნით არსებულ სინერგიებს, რომლებიც აჩქარებენ ჩვენს წინსვლას უზბეკეთის ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, TBC Uzbekistan გააგრძელებს მომგებიან ზრდას და კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯგუფის შედეგებში - ეკოსისტემა სრულად არის ფოკუსირებული წლიური მიზნების შესრულებაზე“, - აცხადებს TBC PLC-ის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
„ჩვენ ვმუშაობთ მაღალი მომგებიანობით და TBC Uzbekistan მიზნად ისახავს პროდუქტების პორტფელის გაფართოებასა და ახალი სინერგიების გამოყენებას მომხმარებელთა ჩართულობისა და შემოსავლის გასაზრდელად. ეს ახალი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო სწრაფად განვახორციელოთ ეს გეგმები, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო პროდუქტების დანერგვით და შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია უზბეკეთის ციფრულ საბანკო სივრცეში“, - აცხადებს TBC PLC-ის საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელი, ოლივერ ჰიუზი.