თბილისი (GBC) – "ფულის მასის ზრდა ეკონომიკური აქტივობის გაფართოების ბუნებრივი პროცესია და არა ეროვნული ბანკის მხრიდან ფულის ხელოვნური ემისიის შედეგი", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება ფულზე მოთხოვნაც. ამასთან, ფულის მასის სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობის გაძლიერება და დანაზოგების ეროვნულ ვალუტაში გადატანაა.

„ბოლო წლებში ლარში განთავსებული დეპოზიტების წილი დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ეს მილიარდობით ლარს ნიშნავს და მიუთითებს, რომ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ენდობა ლარს და დანაზოგების შესანახად ეროვნულ ვალუტას ირჩევს", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენს. მათი ლარში კონვერტაცია ლარის ფულის მასას მნიშვნელოვნად გაზრდიდა, თუმცა ეს არა ფულის ხელოვნური ემისიის, არამედ დოლარიზაციის შემცირებისა და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ზრდის შედეგი იქნებოდა.

რაც შეეხება ინფლაციას, დავით უტიაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი ნავთობპროდუქტების გაძვირებას უკავშირდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ახლო წარსულში განვითარებულმა სამხედრო კონფლიქტმა ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო, მიწოდებისა და სხვადასხვა მომსახურების გაძვირებაც. სწორედ აღნიშნული ფაქტორები აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე და განაპირობა მისი გადახრა მიზნობრივი დონიდან.

„საქართველოს ბაზარზე მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლის დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი ნავთობპროდუქტების გაძვირებით არის განპირობებული", - აღნიშნა მან.

უტიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ ფულის ემისია, როგორც წესი, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეც აისახება, თუმცა ამჟამინდელი დინამიკა საპირისპიროს აჩვენებს, ლარის კურსი მყარდება.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის შეფასებით, ფულის მასის მაჩვენებლის ცალკე განხილვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტური ეკონომიკური პროცესების შეფასება, რომლებიც ამ ზრდის უკან დგას.