თბილისი (GBC) – საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირების, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და საზოგადოებაში ნდობის გაზრდის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) საქართველოს ეროვნული ბანკის სრულ პრუდენციულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, მსგავსად სების ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებს მიენიჭა უფლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.

სებში აცხადებენ, რომ ცვლილების ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა და ინვესტორთა კიდევ უფრო მეტად დაცვას, ხოლო ბიზნესი უფრო მდგრადი გახდება როგორც ტექნიკური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით და ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

2023 წლიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს, მიაჩნიათ რეგულატორში.

სების ცნობით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მოხდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის გაფართოება, რაც, მათ შორის, მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების პრუდენციულ ზედამხედველობას, კაპიტალის ადეკვატურობას, მომხმარებლების უფლებების დაცვას, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დანერგვას.