2025 წელს WB-მ მოლოდინები ყველაზე მეტად საქართველოსთვის გაზარდა 

თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკმა (WB) დღეს, 11 აპრილს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის 5.2%-მდე გაზარდა, რაც იანვარში გლობალური ეკონომიკური მიმოხილვაში მითითებულ პროგნოზთან შედარებით, 0.4 პ.პ-ით მაღალი მაჩვენებელია.

WB-მ მოლოდინები გააუმჯობესა 2025 წლისთვისაც და პროგნოზი 4.5%-დან 5%-მდე გაზარდა.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოქცეული 22 ქვეყნიდან საფინანსო ინსტიტუტმა 11 ქვეყანას პროგნოზი გაუზარდა, 3 ქვეყანას უცვლელად დაუტოვა, ხოლო დანარჩენ 8 ქვეყანას პროგნოზი გაუუარესა.

მათ შორის, უცვლელია უკრაინისა (3.2%) და რუმინეთის (3.3%) მშპ-ის ზრდის პროგნოზები, 0.1 პ.პ-ითაა გაუარესებული აზერბაიჯანის ზრდის პროგნოზი (2.3%), სომხეთის ზრდის პროგნოზი 0.8 პ.პ-ითაა გაუმჯობესებული (5.5%), რუსეთის პროგნოზი 0.9 პ.პ-ითაა გაუმჯობესებული (2.2%), თურქეთის -0.1პ.პ (3%).

WB-მ 2024 წელს, აღნიშნულ 22 ქვეყანას შორის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ივარაუდა ტაჯიკეთისთვის (6.5%), სომხეთისთვის (5.5%), უზბეკეთისთვის (5.3%) საქართველოსთვის (5.2%) და ყირგიზეთისთვის (4.5%).

რაც შეეხება 2025 წელს, მოლოდინების მერყეობა შედარებით ნაკლებია, ცვლილება -0.3პ.პ - დან 0.5 პ.პ-მდეა სადაც WB-მ გაუარესების ყველაზე დიდი მოლოდინი თურქეთისა და მონტენეგროს შემთხვევაში ივარაუდა, ხოლო ყველაზე მეტად 0.5პ.პ-ით მხოლოდ საქართველოს ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, შემდეგ კი სომხეთის 0.4პ.პ-ით.

რეგიონის WB-ის 2025 წლის მშპ-ის პროგნოზები 0.7%-დან 6.5%-მდე მერყეობს, სადაიანც ყველაზე მაღალი ზრდა უკრაინაზე მოდის, მის შემდეგ კი უზბეკეთზე (5.5%) და საქართველოზე (5%).