თბილისი (GBC) - ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ "ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ფინანსური მოქნილობისთვის ეროვნული ვალუტის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს". ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს საქართველოს მოქალაქეებს სტაბილურობა, მშვიდობა და ფინანსური კეთილდღეობა უსურვა. 

მიხეილ ყაველაშვილის შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ "ეროვნული ბანკის და ასევე კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი".

მისივე თქმით, "გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რყევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლარის საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ "ლარი არა მხოლოდ ფინანსური ერთეულია, არამედ - ეკონომიკური სუვერენიტეტის, სტაბილურობისა და განვითარების სიმბოლო".

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უდიდესი როლი ითამაშა ეკონომიკური პოლიტიკის ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.

დღეს ქართული ლარი ღირსეულად უმკლავდება ყველა გამოწვევას და წარმოადგენს მართლაც საამაყო მემკვიდრეობას, რომელიც როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად, სრულად გამოხატავს ჩვენი ერის ღირსებას, ისტორიას და იდეოლოგიას”, - განაცხადა პაპუაშვილმა.