თბილისი (GBC) – ქალაქ საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა საკუთარი ბინის ავინიდან საავადმყოფოს ეზოს მიმართულებით ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსროლელმა, როგორც კი მისი ბინის კარი სპეცრაზმელებმა შეამტვრიეს, თავი მოიკლა. შემთხვევის დროს ათუაშვილი ბინაში თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, სპეცრაზმელები რომ შევიდნენ ბინაში, ათუაშვილი ლოგინზე დახვდათ გარდაცვლილი, იქვე იდო ავტომატი, რომლითაც მან თავი მოიკლა. ბინაში რამდენიმე ხელყუმბარაც აღმოაჩინეს, რომლებიც გამნაღმველებმა გაანეიტრალეს.

შს მინისტრის თქმით, ბოროტმოქმედი ყოფილი სამხედრო იყო და იგი თავდაცვის სამინისტროში 2006–2021 წლებში მუშაობდა.

ბოროტმოქმედის მეზობლები ამბობენ, რომ ათუაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.