თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 6 აპრილს, თბილისში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ქვეყნებს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის ახალ ეტაპზე ისაუბრა. ალიევმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ დინამიკას, საინვესტიციო გარემოსა და რეგიონულ უსაფრთხოებაში თბილისის როლს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიულოცა საქართველოს მთავრობას „თვალსაჩინო ეკონომიკური მიღწევები“ და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილია მიმზიდველი გარემო უცხოური კაპიტალისთვის. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ საქართველოს ეკონომიკაში უკვე 3.6 მლრდ დოლარს მიაღწია. მხარეებმა განიხილეს ახალი საინვესტიციო პროექტები და მესამე ქვეყნებში ერთობლივი ინვესტირების შესაძლებლობაც.

ენერგეტიკის მიმართულებით, პრეზიდენტმა ალიევმა საქართველო დაახასიათა, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების ექსპორტის „პირველი და უმნიშვნელოვანესი“ რგოლი. მან ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთის გაზის დერეფნის შეუფერხებელ მუშაობას და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ამჟამად 16 ქვეყანას მიეწოდება, რომელთა უმრავლესობისთვის მარშრუტი სწორედ საქართველოზე გადის. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ „შუა დერეფნის“ (Middle Corridor) შემდგომ გაძლიერებაზე.

ილჰამ ალიევმა ვრცლად ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ „ახალ რეალობაზე“ და მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე. აზერბაიჯანის ლიდერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას სომხეთთან ურთიერთობის მოგვარების პროცესში გაწეული მედიაციისა და ხელშეწყობისთვის. „ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით“, - განაცხადა მან. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაურღვევლობის მიმართ.

„საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები შეიძლება მაგალითად გამოდგეს ყველა მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას. ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.