თბილისი (GBC) – აშშ-ში, ჰელსინკის კომისიაში ოთხშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ამერიკელმა ექსპერტებმა და მკვლევრებმა საქართველოს ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. გამომსვლელების მთავარი გზავნილი ერთსულოვანი იყო: ქვეყანა დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, მისი საგარეო კურსი რადიკალურად შეიცვალა, ხოლო გამოსავალი მხოლოდ ძალაუფლების სამართლიანი გაზიარებისა და დასავლური დიპლომატიის აქტიური ჩართულობის პირობებშია შესაძლებელი.
ვექტორის ცვლილება: რუსეთის დახმარება და დასავლეთის დემონიზაცია
მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა, ლორა თორნტონმა, პირდაპირ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად შეატრიალა სცენარი იმის შესახებ, თუ ვინ არიან საქართველოს მეგობრები და მტრები.
თორნტონის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა საქართველოსთვის დასავლეთისგან მოწყვეტის წერტილად იქცა. საქართველომ დაიწყო რუსეთის დახმარება და დღეს იგი წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს.
"მმართველი გუნდი აშშ-სა და ევროპას „მტრულ აქტორებად“ მოიხსენიებს, მაშინ როცა ჩინეთსა და ირანს სტრატეგიულ პარტნიორებად აცხადებს", - განაცხადა თორნტონმა და ამის მაგალითად პრემიერ-მინისტრი კობახიძის თეირანში ვიზიტი და „ჰამასის“ გვერდით დგომა დაასახელა.
ივანიშვილი, როგორც „ფატალური ნაკლი“
ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ დღევანდელი კრიზისი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილის ლოგიკური გაგრძელებაა.
„ფატალური ნაკლი „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისშივე არსებობდა და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია. ის არასდროს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ერთგული“, - აღნიშნა ლორა თორნტონმა.
მისივე შეფასებით, 2015 წლიდან მმართველმა კოალიციამ დაიწყო პროდასავლური ძალებისგან დაცლა, რასაც მოჰყვა „არალიბერალური გრავიტაცია“, – რუსული ნარატივების გამოყენება უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ტრამპის ადმინისტრაცია და რეგიონული იზოლაცია
კლერ კაისერმა (McLarty Associates) ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მკაცრი რჩება ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ძალაში დატოვა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ დაწესებული ზომები.
კაისერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში მიუთითებს ვაშინგტონის „ენერგიულ პოლიტიკაზე“ კავკასიაში, სადაც საქართველო, თავისი ანტიდასავლური რიტორიკის გამო, აღარ ფიგურირებს.
გამოსავალი: სანქციები, დიპლომატია და ნდობის აღდგენა
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარმა ოლესია ვართანიანმა აქცენტი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ხელისუფლება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მზადყოფნას გამოხატავს.
ვართანიანის თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები მასზე აშკარა გავლენას ახდენს. თუმცა, მათი გამოყენება სტრატეგიულად, დიპლომატიასთან ერთად უნდა მოხდეს.
„აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში გადატვირთვა მდგრადი ვერ იქნება, თუ კრიზისის ძირეული მიზეზები არ მოგვარდება. აშშ უნდა გახდეს ძლიერი გარე გარანტორი პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესში“, - განაცხადა მკვლევარმა.
ვართანიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა კრიზისებიდან და ეს აქტიურობა ახლაც გადამწყვეტია.
ბრიფინგის მონაწილეთა დასკვნით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანა პერმანენტული არასტაბილურობის რეჟიმში დარჩება მანამ, სანამ არ შეიქმნება რეალური პერსპექტივა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისა და ნდობის აღდგენისთვის საჭირო მექანიზმებისა (ამნისტია, საჯარო გამოძიება).