თბილისი (GBC) - აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, რომლის პარალელურადაც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა. 

"აშშ ევროკავშირთან ერთად გამოთქვამს მწუხარებას "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ კონსტიტუციის ამ ღალატს.
ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ საყრდენია. შესაბამისად, ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან", - ნათვამია მილერის პოსტში. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სრული განცხადება: 
"ქართული ოცნების მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხისთვის კონსტიტუციით დადებულ დაპირებას, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სრულ ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობაზე და საქართველო უფრო მოწყვლადი გახადა კრემლისთვის.

ქართველი ხალხი უდიდესი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, რომელიც მიმართულია იმ ქართველების წინააღმდეგ, ვინც ცდილობს საკუთარი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების განხორციელებას, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ პროტესტები დარჩეს მშვიდობიანი.

"ქართული ოცნების" სხვადასხვა ანტიდემოკრატიული ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად პრინციპებს, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას", - ნათვამია ოფიციალურ განცხადებაში.