თბილისი (GBC) – ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რთულ დროს შეგიძლია შენი მეგობრების იმედი გქონდეს,” - წერს ცაჰკნა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც მას გარდა ასახული არიან ლიეტუველი კოლეგა გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლატვიელი კოლეგა ბაიბა ბრაჟე და ისლანდიელი კოლეგა ტორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი.

"ჩამოვედით თბილისში, სადაც მიმდინარეობს კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

 

 

 

ჯიმ ო’ბრაიენი „ოცნებამ“ გააოცა

მანამდე, სამშაბათს, თბილისში იმყოფებოდა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი, რომელმაც პრემიერ კობახიძესთან გამართული ორსაათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ პრეს–კონფერენცია გამართა. დიპლომატმა ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე, მის (ბიძინა ივანიშვილის – რედ.) მიმართ სანქციები არ არის - ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არასწორად ინფორმირებულია, ნამდვილად გასაოცარი და სამწუხაროა“.

როგორც ო'ბრაიენმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უარის თქმა შეხვედრაზე, დასახელებული მიზეზით, ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში“.

„რუსული კანონი“ 84 ხმით

ოცნების დეპუტატებმა სამშაბათის სხდომაზე 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცეს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეგზავნა. პრეზიდენტმა კანონის დამტკიცებამდე განაცხადა, რომ დოკუმენტს ვეტოს დაადებს.

სახალხო მღელვარება

პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცებას მრავალათასიანი საპროტესტო ტალღა მოჰყვა თბილისის ცენტრსა და სხვადასხვა უბნებში. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეები დააკავეს და რამდენიმე აქტივისტს სასტიკად სცემეს. მათ შორის აქტივისტ დავით ქაცარავას სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული და სასწრაფოდ ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

პოლიციის სპეცრაზმმა წუხანდელ აქციაზე ხელმეორედ დააკავა წინა წლის აქციების დროს დაკავებული, ცხრაწელმისჯილი და შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებულ გრიგორიადისს ვიდრე პოლიციის მანქანაში ჩასვამდნენ, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, დააგდეს ასფალტზე და ურტყამდნენ. მისივე თქმით, გრიგორიადისს სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული მრავლობითი დაზიანება.

საერთაშორისო რეაქცია

„ქართული ოცნების“ არ წყდება კრიტიკული განცხადებები დასავლეთის ქვეყნებიდანაც. 11 ამერიკელი სენატორი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან, თუმცა ინარჩუნებენ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან.

“შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის. ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა გაიმართა ასობით ათასი ქართველის სურვილების დარღვევით, რომლებიც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იქნება გამოყენებული, არამედ საქართველოში დემოკრატიის წინსვლას შეაფერხებს. ეს კანონი, რომელიც მოითხოვს, რომ ყველა ორგანიზაციამ, რომელიც თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებს, უცხოურ აგენტებად დარეგისტრირდნენ, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც მწირი დაფინანსებაა. ამ კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს.

როგორც პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი წერილში გაფრთხილება გავავრცელეთ, ამ კანონპროექტის მიღება საჭიროს გახდის კონგრესის მიერ აშშ-ის საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვის განხილვას, რათა საქართველოში ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ასახოს. როგორც წინასწარ გაფრთხილება გავავრცელეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ვიზის აკრძალვებსა და ამერიკული პირდაპირი დახმარების გადახედვას. როგორც კონგრესის წევრები, რომლებსაც ქართველი ხალხის ღრმა სიყვარული გვაქვს და რომლებიც ვიბრძოდით ძლიერი ორპარტიული და ორმხრივი კავშირებისთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის მხარდაჭერასა მათი ხმის ამაღლებას - რომელთაგან 79% თანმიმდევრულად უჭერს მხარს ევროკავშირში წევრობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი დღეა, ჩვენ ვინარჩუნებთ ქართველი ხალხის რწმენას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის იბრძვიან”, - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

გერმანიის მკაცრი ტონი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი „ქართულ ოცნებას“ ურჩევს, უმჯობესია ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების მიღების ნაცვლად, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

“ევროპის თავისუფლების კავშირი კანონის უზენაესობაზეა აშენებული. და ხალხი თბილისში ქუჩებში გამოდის ამისთვის. საქართველოს მთავრობაზე დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, - ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც ის „ტვიტერზე“ ავრცელებს.