თბილისი (GBC) - აშშ-ის საელჩო ორი ქართველი მაღალჩინოსნისა და ორი ფიზიკური პირისთვის დაწესებულ სანქციებზე სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს. საქართველოში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე გაკეთებულ განცხადებაში, ბლინკენმა აღნიშნა, რომ "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ზომებს იღებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
GBC ენტონი ბლინკენის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"შეერთებული შტატები დღეს აწესებს ანგარიშვალდებულების დაცვის ზომების ფართო სპექტრს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხის ადამიანის უფლებები.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს, სანქციები დაუწესა – „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის.
ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული დაჯგუფების ორ ქართველ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ძალადობრივი თავდასხმისთვის იმ ქართველებზე, ვინც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობდნენ.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე დამატებით ზომებს იღებს სავიზო შეზღუდვების დაწესებით მიზნით 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. ესენი არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს; ბიზნესმენები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართული; პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს; სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში; და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გააპროტესტონ ძალადობის, დაშინების, ან ჩახშობის შიშის გარეშე.
სახაზინო დეპარტამენტის სანქცირების ზომები დღეს განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების ნომერი 13818-ის შესაბამისად, რომელიც ეფუძნება და ახორციელებს "გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს" და ეხება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასა და კორუფციაში ჩართულ დამნაშავეებს მთელ მსოფლიოში. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ხაზინის პრესრელიზი. დამატებითი ქმედებები ეფუძნება "იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის" 212(a)(3)(C) პუნქტის მიხედვით სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა 2024 წლის მაისში გამოაცხადა", - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში