თბილისი (GBC) - ბათუმში უხვი ნალექის შედეგად, მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 ლოკაციაზე განვითარდა მეწყრული პროცესები, სადაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას დღეს, 31 ივლისს ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო ცენტრალური გზის მონაკვეთზე. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგენილია მოძრაობა.
რამდენიმე მისამართზე დაიტბორა ეზო, სადაც უკვე განხორციელდა წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს ყველა შესაბამისი სამსახური.
ამასთან, ბათუმში უხვი ნალექის მოსვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ბოტანიკური ბაღიც დროებით დაიკეტა.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღის დათვალიერება ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი ამინდი დასტაბილურდება, რის თაობაზეც, ბაღის ადმინისტრაცია, წინასწარ აცნობებს საზოგადეობას.
შეგახსენებთ, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული.