თბილისი (GBC) - საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. „საქართველო: საგანგაშო ცნობებია მომიტინგეების თვითნებური დაკავების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ", - წერს იგი.
"მოვუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, შეწყვიტონ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და უზრუნველყონ შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული“, – წერს ანიტა ჰიპერი.
გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას.
კობახიძემ თავისი პარტიის არგუმენტები მოიყვანა, რომლებითაც ეს გადაწყვეტილება გაამყარა. მისივე თქმით, საქართველო ღირსებით გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას და საკუთარი ხარჯებით დააფინანსებენ რეფორმებს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
მას შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში ქვეყნის სხვა ქალაქებთან ერთად, საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს: წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს.
იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.