თბილისი (GBC) - საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა მაია ბითაძემ დაიკავა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკადრო გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმი ახალი მინისტრის მრავალწლიანი მმართველობითი გამოცდილება და კეთილსინდისიერება იყო.

„ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას: იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ვთხოვეთ დაეკავებინა აღნიშნული თანამდებობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ახალი მინისტრის აკადემიურ საქმიანობასაც და აღნიშნა, რომ მაია ბითაძე არის სამართლის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მთავრობის მეთაურმა მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.