თბილისი (GBC) - ევროსაბჭოს სასჯელაღსრულების 2025 წლის სტატისტიკის თანახმად, ევროპაში პატიმრების რაოდენობით კვლავ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი ლიდერობს. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები თურქეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და საქართველოში ფიქსირდება.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 8,592 პატიმარი ირიცხებოდა (მათ შორის საბოლოო განაჩენამდე პატიმრობაში მყოფი პირებიც). ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 231.9 პატიმარი მოდის, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელს (110 პატიმარი) მნიშვნელოვნად აღემატება და კლასიფიცირებულია, როგორც „ძალიან მაღალი“ ნიშნული.

კლების ტენდენცია, ამნისტია და შეწყალება

მიუხედავად მაღალი საერთო მაჩვენებლისა, ანგარიშში ხაზგასმულია პატიმართა რაოდენობის შემცირების დინამიკა:

  • 2015-2025 წლებში პატიმრების საერთო რაოდენობა 15.5%-ით შემცირდა
  • 2024-2025 წლებში კლებამ 11% შეადგინა

ევროსაბჭო ამ კლებას, მათ შორის, ჰუმანურ აქტებს უკავშირებს - დოკუმენტის თანახმად, 2024 წელს საქართველომ 953 ამნისტია და 688 ინდივიდუალური შეწყალება გამოაცხადა.

პატიმართა დემოგრაფიული პროფილი

კვლევა დეტალურად აღწერს ქართულ ციხეებში მყოფთა სტრუქტურას:

  • ასაკი: პატიმართა საშუალო ასაკი 39 წელია. ამასთან, 50 წლის ან უფროსი ასაკის მსჯავრდებულთა წილი შეფასებულია როგორც „მაღალი“.
  • არასრულწლოვნები: 2025 წლის 31 იანვრისთვის სისტემაში 74 არასრულწლოვანი ირიცხებოდა (საერთო რაოდენობის 0.9%).
  • ქალები: პატიმართა საერთო მასის მხოლოდ 4.4%-ს (377 პატიმარი) შეადგენენ, რაც „დაბალ“ მაჩვენებლად ითვლება.
  • უცხოელები: მსჯავრდებულთა 11.9% (1,020 პატიმარი) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ეს მონაცემი „ძალიან დაბალია“ ევროპულ მედიანურ მაჩვენებელთან (17%) შედარებით.

ანგარიში ეხება საპატიმროების ტევადობასაც. საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემა ჯამში 12,332 ადგილს მოიცავს. ამჟამად სიმჭიდროვე ყოველ 100 ადგილზე 69.7 პატიმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემაში საერთო გადატვირთულობა არ ფიქსირდება.

ქვეყანაში სულ 2,918 საკანია, სადაც ერთ საკანზე საშუალოდ 2.9 პატიმარი მოდის. ამასთან, ევროსაბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოში ღამის გათევა ინდივიდუალურ (ცალკეულ) საკნებში სტანდარტს არ წარმოადგენს.