თბილისი (GBC) - გიორგი გახარიამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ბათუმში მასზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აქვს საქმე შემსრულებელთან, საქმე აქვს მხოლოდ "დამკვეთთან", კონკრეტულად - ბიძინა ივანიშვილთან. გახარიას აზრით, ივანიშვილი ძალადობის მთავარი წყაროა დღეს საქართველოში. "ივანიშვილი ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ქვეყანაზე", - თქვა გიორგი გახარიამ და დასძინა, ივანიშვილთან, "როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან“, ისე აქვს საქმე.
პარტია "გახარია თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი არის ფული და ძალაუფლება. "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მან დაკარგოს ფულიც და დაკარგოს ძალაუფლებაც. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად, ვიქნები ყოველდღიურად და ვიქნები წინა ხაზზე", - თქვა მან.
გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ როგორც რეპუტაცია დაკარგა ივანიშვილმა, ისე დაკარგავს ფულს და დაკარგავს ძალაუფლებას. "მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის... ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ", - განაცხადა გახარიამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისიც აღნიშნა, რომ არ უარყოფს, რომ ქაღალდის ჭიქით შეასხა ყავა "ოცნების" წარმომადგენელს.
"დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი. ამის შემდეგ ისინი თავს ჯგუფურად დამესხნენ, რის შემდეგაც, როგორც ექიმებმა მითხრეს, გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი".
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას, 14-15 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.
ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდნენ.