თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, ე.წ. ქოლცენტრების, საბავშვო ბაღების და ქრთამის აღების ფაქტზე, დღეს, 23 დეკემბერს დააკავეს. ამის შესახებ გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის სამშაბათის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
"გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება, ჩვენს წარმოებაში არსებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში.
პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო $1 მლნ, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის’’ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
მესამე ეპიზოდი შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო", - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე, ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
სუსის ყოფილმა უფროსმა, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა: "როცა დამიბარეს, მოვედი, არ ვიცი არაფერი, ეტყობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით".
ჟურნალისტის კითხვაზე, პირველად აძლევს თუ არა ის ჩვენებას, მან უპასუხა: „არ ვიცი რა საქმეა, ჩვენება არ მიმიცია... პირველად ვარ, ხომ გაიგებდით, როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით“.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ბრალის წაყენებას, ლილუაშვილმა უპასუხა: „ღვთის ნებაა ყველაფერი, ვერაფერს გამოვრიცხავ“.