თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა ₾93 მლრდ შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი (53.1%), აჭარის ა.რ. (9.3%), იმერეთი (7.7%), ქვემო ქართლი (7.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.5%).

თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9%), მშენებლობა (10.4%).

აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5%).

იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4%), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1%) და განათლებას (9.8%).

ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1%) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6%).