თბილისი (GBC) - ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
კალასის განცხადებით, რომელიც მან გამოცემა „ევროსკოპთან“ გააკეთა, აღნიშნული ნაბიჯი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არასწორ კურსს ადგას.
„ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა და აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, სწორი მიმართულებით არ მიდის“, - აღნიშნა კალასმა საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების საპასუხოდ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც გრანტების მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასა და აქტივობასთან დაკავშირებული ნორმების გამკაცრებას ითვალისწინებს.
დამტკიცებული პაკეტის მიხედვით, მათ შორის, იკრძალება ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარება. საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გუშინ საბოლოოდ მიიღეს, კიდევ უფრო ამკაცრებს წესებს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით.