თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ 2 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც, მისივე თქმით, არავის უკვირს. "ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა", - თქვა კობახიძემ.
„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა.
კონსტიტუციის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა კანონპროექტს და არც მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნა პარლამენტს, მას ხუთი დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა 17 სექტემბერს 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. ის დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.
ცვლილებების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“
ამასთან, აიკრძალება ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება.