თბილისი (GBC) – პირველი ვიცე–პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა. მისი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მთავრობის მთელი ეკონომიკური ბლოკი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. მისი თქმით, მუშაობს თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტროები იღებენ - ახალი პოლიტიკის თითოეული დოკუმენტი და ინიციატივა სრულად თანხვედრაშია და მიჰყვება საქართველოს სამოქმედო გეგმას DCFTA-სთან დაკავშირებით. 

ლევან დავითაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ასევე აქტიურად მუშაობენ სხვა სამინისტროებიც. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„საქართველო ახდენს თავისი კანონმდებლობის აპროქსიმაციას, თავისი პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოებას და ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საბოლოოდ მოგვცემს საშუალებას, რომ ევროკავშირში გავერთიანდეთ. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ბევრ მიმართულებას. ძირითადად ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა თავისი პოლიტიკით და ინსტიტუციური შესაძლებლობებით მოვიდეს შესაბამისობაში ევროკავშირის ინსტიტუციურ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით მუშაობა არ შეფერხებულა, ქვეყანა დასახულ ამოცანებს მიყვება და ასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

მისი შეფასებით, როდესაც საქართველოს პარტნიორების მხრიდან მიდის საუბარი, რომ საქართველოს შეჩერებული აქვს ინტეგრაციის პროცესი, საუბარია იმაზე, რომ მათი მხრიდან გარკვეული პროცესები ან შეჩერებულია, ან გადახედვის რეჟიმში. თუმცა, დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკით პროცესის მიმდინარეობა ძველ კალაპოტს დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით, როგორც არაერთხელ გვიჩვენებია საზოგადოებისთვის, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ჩვენი მწყობრი ნაბიჯებით - რომ ვართ ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული, დავარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს და პროცესი დაუბრუნდება იმ კალაპოტს, რა კალაპოტშიც მიმდინარეობდა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტსაც შეეხო და თქვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს. მისი შეფასებით, ხშირად რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით პროტოკოლურად არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკოსებს უწევთ.

„ამაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამომწურავი კომენტარი. მეც იმავეს დავამატებ, რომ მათ შორის, ყველაზე დიდი ვალდებულებები აქვს ამ შემთხვევაში მთავრობის მეთაურს. ამიტომ ის მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა მეზობელი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა და ეს არის მხოლოდ ამ კონტექსტში დასანახი. დანარჩენი მის მიღმა არის სპეკულაცია“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილი შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკის მიმართებით არის ძალიან მკაფიო და ღია, და ასევე ყველასთვის ცნობილია მისი პოზიცია - დამოკიდებულებები და პარტნიორობა ჩვენს მნიშვნელოვან საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორ ქვეყნებთან.

„საქართველოს თავისი საგარეო პოლიტიკისთვის არ გადაუხედავს. ეს არის ძალიან მკაფიო და ამ კუთხით ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.