თბილისი (GBC) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მედია მონიტორინგის თანახმად, მეორე კვარტალში Meta-ს პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 494-მა გვერდმა/ანგარიშმა განათავსა. რეკლამების ბიბლიოთეკაში მოცემულ პერიოდში ამ გვერდებისა და ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული 10 557 რეკლამა იძებნება, რაც 3 223-ით აღემატება პირველ კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვს. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 358 035 აშშ დოლარია, 78%-ით მეტი  წინა კვარტალის დანახარჯებზე.

სოციალური და პოლიტიკური რეკლამების „მეტას“ პლატფორმებზე განმათავსებელთა კატეგორიების მიხედვით

„მეტას“ პოლიტიკური რეკლამებისთვის საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, ოფიციალურ განმათავსებელ აქტორებს შორის, პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო უწყებების გვერდებზე დაიხარჯა. არაოფიციალური/ანონიმური აქტორების რეკლამები კი თითქმის სრულად მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციისა და  სამოქალაქო საზოგადოების მადისკრედიტირებელ კამპანიას მოიცავდა.

2024 წლის 1 აპრილიდან 29 ივნისის ჩათვლით ფეისბუკსა და ინსტაგრამზე საქართველოს აუდიტორიისთვის განთავსებული სოციალური და პოლიტიკური რეკლამები მათი რაოდენობის, დანახარჯების სიდიდისა და  განმათავსებელი აქტორების მიხედვით:

მონიტორინგის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, აპრილ-ივნისის პერიოდში სარეკლამო დანახარჯების ზრდა გამოვლინდა გვერდების ყველა კატეგორიაში. მათ შორის, 71%-ით გაიზარდა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდების კატეგორიაში ფეისბუკისა და ინსტაგრამის რეკლამებისთვის დახარჯული თანხის სიდიდე. ამასთან, აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რეკორდულად მაღალი დანახარჯით.

ამავდროულად, საერთო ჯამში, გაორმაგდა მედიასაშუალებების მიერ „მეტას“ რეკლამებისთვის გადახდილი თანხის სიდიდე, რაც, ძირითადად, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმეჯერ გაზრდილი ხარჯებით იყო განპირობებული.

ISFED–ის მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, გაორმაგდა პროპაგანდისტული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდების სარეკლამო დანახარჯები. წინა კვარტალთან შედარებით, 3.5-ჯერ გაიზარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ „მეტას“ რეკლამებში დახარჯული თანხის საერთო ოდენობაც.