თბილისი (GBC) - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების იუბილეს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ "დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან". ბიძინა ივანიშვილი ასევე ირწმუნება, რომ "ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არჩევნებში არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობას ხედავენ".

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ბრძოლის ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, რაც განვითარების, უკეთესი მომავლის, ერთიანი საქართველოსკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.

„განვლილი 13 წელიწადი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ყოფის ლოგიკური გაგრძელებაა. 2012 წელს არამხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ კიდეც, თუმცა, მოპოვებულ თავისუფლებას თუ არ გავუფრთხილდით, ყველაფერს დავკარგავთ, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვიშენებია...

უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლას მუდმივი სიფხიზლე სჭირდება. რა თქმა უნდა, განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა, საბედნიეროდ, არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუქრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას 4 ოქტომბერს ხედავენ.

მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნიღაბჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის, სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. მათ რეალურ ზრახვებში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი რწმუნდება, მათი მხარდაჭერაც ყოველდღიურად იკლებს, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებიც დღეს ისეთი მყარია, როგორც არასდროს, ეს კი არწმუნებთ, რომ ერთადერთი შანსი დარჩათ, რაც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს, საკუთარ სახელმწიფოზე და, შესაბამისად, ხალხზე პირდაპირ თავდასხმას გულისხმობს“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

"ქართლი ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საკუთარ განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ "დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ - მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღვწის, ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტების და საქართველოს გამოყენების ხარჯზე".

მისივე თქმით, 13 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ გუნდმა ისწავლა მოვლენებისა და ფაქტების სწორად შეფასება.

საკუთარ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი საუბრობს "ღალატზეც" და ამბობს, რომ პირადად მისთვის უმძიმესია გუნდის შიგნით "მუხანათური ღალატი", რამაც, მისი აზრით, არამხოლოდ „ქართული ოცნება“ დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ, ქართველ ხალხიც. 

ივანიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ „მეგობრისა და პარტნიორის ნიღაბს ამოფარებულ კონკრეტულ უცხო ძალებს ღიად მოუწიათ ეღიარებინათ, რომ ჩვენგან მათი ინტერესების მორჩილებას მოითხოვენ".

ივანიშვილმა ისაუბრა ასევე ოპოზიციურ პარტიებზეც და აღნიშნა, რომ "გარე მტრების დასაყრდენი აგენტები ქვეყნის შიგნით ოპოზიციურ პარტიებსა და ე.წ. არასამთავრობო სექტორში უხვად არიან გაბნეული".

მისივე თქმით, "ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს".

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ კი არა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა, რის შედეგადაც დასრულდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი ყოფნა ხელისუფლებაში (2003–2012).

ChatGPT აგენერირებს იმ დაპირებების, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლამდე ამომრჩეველს დაჰპირდა, და რომლებიც შესრულდა ან არ შესრულდა.

შეუსრულებელი დაპირებები

  • ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მშვიდობიანი გზით
  • 400,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა
  • ეკონომიკური სწრაფი ზრდა და გადასახადების შემცირება
  • „ღირსეული“ პენსიები და შემწეობები, ევროპულ სტანდარტთან მიახლოება
  • სასამართლოს სრული დეპოლიტიზაცია
  • კორუფციის აღმოფხვრა მაღალჩინოსნებში
  • დასავლურ სტრუქტურებში (EU, NATO) დაჩქარებული ინტეგრაცია
  • 5 მილიონი ყველა სოფელს
  • უფასო ფული
  • ბენზინის გაიაფება

 ChatGPT "ოცნების" მიერ სრულად შესრულებულ დაპირებას ვერ აგენერირებს. 

ნაწილობრივ შესრულებული დაპირებები

  • პენსიის გაზრდა – დაპირებული იყო 220 ლარამდე გაზრდა
  • საყოველთაო ჯანდაცვა – დაპირებული იყო უფასო ჯანდაცვის პროგრამა
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება
  • მოსწავლეებისა და სტუდენტების დახმარება
  • სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა

პროცენტულად ChatGPT ბიძინა ივანიშვილის 2012 წლამდე, წინასაარჩევნო დაპირებებს ასე ანაწილებს: ნაწილობრივ შესრულებულ დაპირებები მოიცავს 35–40%-ს, ხოლო შეუსრულებელი დაპირებები - 60–65%.

კითხვაზე, რომ "ოცნება",  აგერ უკვე 13 წელია, რაც ხელისუფლებაშია და თავისი თავდაპირველი დაპირებების რამდენი პროცენტის შესრულება უნდა მოესწრო, ChatGPT გვპასუხობს, რომ მინიმუმ 70–80%-ის და იქვე დასძენს, რომ "ქართული ოცნება" დღესაც დაპირებების ნახევარზე მეტს შეუსრულებლად ტოვებს, მაშინ როცა დროის რესურსი საკმარისზე მეტი ჰქონდა".

ავტორი: ანა გულბათაშვილი