თბილისი (GBC) – მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა. მოლაპარაკებების პროცესი 25 ივნისს ლუქსემბურგში აიღებს სტარტს. 

„მოლდოვამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა. ამრიგად, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ორი წლის შემდეგ, 25 ივნისს პირველი სამთავრობოთაშორისი კონფერენცია გაიმართება“, – წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში.

მთავარ მომლაპარაკებლად მან ვიცე–პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვა დანიშნა და ამ პროცესში ქვეყნის დელეგაციას წარმატებები უსურვა.

სანდუმ ისიც აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. მანამდე ქვეყნის ლიდერი ამბობდა, რომ რეფერენდუმი შესაძლოა 20 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართოს.