თბილისი (GBC) – TBC UZ-ის ყოფილი CEO  სანდრო რთველაძე OTP Bank რუსეთიდან უზბეკურ ფილიალში CEO-ს პოზიციაზე გადავიდა. 

რთველაძემ Ipoteka Bank-ში (OTP Group) ტაშკენტში, როგორც ახალი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადასვლის შესახებ გასულ კვირას განაცხადა, თუმცა მისი ახალი სტატუსი ადგილობრივი რეგულატორის დამტკიცების მოლოდინშია.

სანდრო რთველაძე TBC UZ-ის CEO 2020 წელს, 9 თვის განმავლობაში იყო და ბანკმა საბანკო საქმიანობის ლიცენზია უზბეკეთში სწორედ მის ხელში მოიპოვა.

ამის შემდეგ, 2022 წლის იანვრიდან, რთველაძე რუსულ OTP Bank-ში გადავიდა, სადაც ჯერ დირექტორის მოადგილე იყო საცალო ბიზნესის მიმართულებით, გასული წლის ივლისიდან კი ტექნოლოგიების, ტრანსფორმაციისა და სტრატეგიის საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

ცნობისთვის, 2023 წლის ივნისში, უნგრულმა OTP Bank-მა გარიგება დაასრულა Ipoteka Bank-ის 73.71%-ის სახელმწიფო წილის შესაძენად. მომდევნო სამი წლის განმავლობაში OTP Bank გეგმავს Ipoteka-ს დარჩენილი 25%-ის გამოსყიდვას, რითაც მისი წილი ბანკში 98%-მდე შეივსება. გარიგების თანხა $324 მლნ იყო.