თბილისი (GBC) – 2024 წლის პირველ სამ თვეში სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 182 მლნ ლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 127 მლნ ლარი იყო. 1Q24-ის მონაცემებით, ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალის რაოდენობით, პირველ ადგილზეა „ბბ დაზღვევა“ 36 მლნ ლარით, მეორეზე „ჯიპიაი“ – 27 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე „თიბისი“ - 22 მლნ ლარით. ამის შესახებ სააგენტო კომერსანტი წერს.

აღსანიშნავია, რომ წელს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალის მიხედვით, კომპანიების ხუთეულში ცვლილებები დაფიქსირდა. „ბბ დაზღვევა“ რომელიც ამ რეიტინგის ხუთეულში ვერ ხვდებოდა, პირველზე გადმოინაცვლა.

2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 494 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 397 მილიონ ლარს.

2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.