თბილისი (GBC) – თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი პარასკევს, 12 აპრილს გამოაცხადა მოსამართლე ზვიად შარაძემ. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ლაზარე, რომელიც დასკვნით სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო, განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში დაესწრო. მას დარბაზში მყოფი ადამიანები ტაშით შეხვდნენ.

გრიგორიადისს გამოძიება აქციების დროს პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას ედავებოდა. ეს დანაშაულები შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლემ გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით); 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით).

„ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი“, - უთხრა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და მხარდამჭერები, განაჩენის გამოტანის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი პრეზიდენტს სთხოვენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს.

შესაბამისი მოთხოვნით მათ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უკვე მიმართეს.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე.