თბილისი (GBC) - პარლამენტის შენობის წინ, შუქრუთელების შიმშილობის ოცდამეხუთე დღეს მათ სანახავად საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა. "25-ე დღეა ვშიმშილობ და პირველად მოხვედი, რაის სახალხო დამცველი ხართ თქვენ პატივცემულო?" – ასე გამოეხმაურა იოსელიანის გამოჩენას აქციის ერთ-ერთი მონაწილე. სახალხო დამცველმა კი აღნიშნულის საპასუხოდ აქციის მონაწილეს განუცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს კომპენსაციის საკითხს, რომელიც იოსელიანის თქმით, არ არის მისი გადასაწყვეტი.
პროტესტმა სოფელ შუქრუთიდან საქართველოს პარლამენტის წინ 11 სექტემბერს გადმოინაცვლა.
შუქრუთის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობას აპროტესტებს, რომლის მაღაროებიც, მათი თქმით, სოფლის ნგრევას იწვევს, ხოლო კომპანია ზარალს სრულად არ ანაზღაურებს და მოსახლეობის ნაწილს მიზერულ თანხას სთავაზობს.
აქციის მონაწილეთა თქმით, 300-კომლიან შუქრუთში რამდენიმე ათეული სახლი საცხოვრებლად უკვე უვარგისია. "ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ ზარალის ანაზღაურებაზე უკვე 12 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს და დანარჩენს იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ საწარმოს მუშაობის განახლების შესაძლებლობა დაუბრუნდება. კომპანია ამტკიცებს, რომ შუქრუთი დღეს არა მათი მუშაობის შედეგად, არამედ საბჭოთა დროს წარმოქმნილი პრობლემების შედეგს იმკის.
ოთხშაბათს, 25 სექტემბერს "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" გაავრცელა განცხადება სადაც ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შუქრუთელების მრავალთვიან პროტესტზე, იმოქმედოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის იმპერატიული ინტერესით და შეწყვიტონ უფლებადარღვეული ადამიანების სამართლიანი პროტესტის უგულებელყოფა.
შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან” მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. უკვე 20 დღეზე მეტია რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, ხოლო 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
"შუქრუთელები, რომლებიც თბილისში, პარლამენტთან აქციის გასამართად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ, ღამესაც აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უმძიმეს პირობებში ათევენ, ხოლო ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია მათ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება და სამედიცინო დახმარებას სულ უფრო და უფრო ხშირად საჭიროებენ.
აშკარაა, რომ შექმნილი ვითარება, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს უფრო მძიმე შედეგები და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე 20 დღეზე მეტია შიმშილობენ, კრიტიკულად გაუარესდეს. შესაბამისად, არსებითია ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილოს შუქრუთელების მოთხოვნები.
როგორც ცნობილია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების 40-წლიან ლიცენზიას “ჯორჯიან მანგანეზი” 2006 წლიდან ფლობს. კომპანიის მიერ მანგანუმის მოპოვებითი საქმიანობის შედეგად შუქრუთელებს დაუზიანდათ სახლები და მათ ისიც არ იციან, რამდენად უსაფრთხოა სოფელში ცხოვრების გაგრძელება. საცხოვრებელი სახლების გარდა, ადგილზე დაზიანდა სკოლა და მოსწავლეებს სხვა სოფელში უწევთ სიარული. ადგილობრივების მონათხრობით, სოფელ შუქრუთში სახლების დაზიანების და ნგრევის პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც მოპოვებითი სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. 2019 წლიდან შუქრუთელები აქტიურად მართავენ აქციებს და კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას პერიოდულად ითხოვენ. 2020 წელს კომპანიამ ადგილობრივებთან გაურკვეველი სამართლებრივი ბუნების დოკუმენტი - მემორანდუმი გააფორმა, რომლითაც შესაძლო ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა, იმ პირობით, რომ ადგილობრივები კომპანიის მიერ მოპოვებითი სამუშაოების წარმოებას ხელს არ შეუშლიდნენ. როგორც შუქრუთელები ჰყვებიან, მემორანდუმს ხელი ისე მოაწერეს, რომ მისი სამართლებრივი შედეგები მათთვის ბოლომდე გასაგები არ ყოფილა.
ამასთან, შუქრუთელებმა 2024 წლის მარტში მიმართეს კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სახელმწიფო სპეციალურ მმართველს ბესიკ კირთაძეს, ასევე, მიმართეს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების თაობაზეც. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები კოლექტიურ განცხადებაში უთითებდნენ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე, აცხადებენ, რომ კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო მათ საკარმიდამო ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, დაზიანდა და დღემდე ზიანი ადგება მათ საცხოვრებელ გარემოს, სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ ეკლესიას და საფლავებს. აღნიშნულ სამართლებრივ მექანიზმებს შედეგი ამ დრომდე არ გამოუღია.
სამწუხაროდ, ადგილობრივების პროტესტის პარალელურად, სახელმწიფო და კომპანია ყველაფერს აკეთებენ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის დელეგიტიმაციისთვის და მანიპულაციური ცნობების გავრცელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას. კერძოდ, სახელისუფლებო მედია არხები ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეებს ზიანი უკვე სრულად აუნაზღაურდათ. სინამდვილეში, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილს კომპანიისგან კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია, ზოგიერთს კი აღებული აქვს ისეთი მცირე თანხა, როგორიც 5000 ლარია. რაც შეეხება დანარჩენ ოდენობებს, რაზეც კომპანია თავის განცხადებებში აპელირებს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს თანხა რამდენიმე ადგილობრივზე გაცემულია კომპანიასა და ადგილობრივებს შორის გაფორმებული 2021 წლის ხელშეკრულების საფუძველზე.
ამასთან, როგორც ბოლო 3 წლის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, კომპანიამ უხეშად დაარღვია 2021 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობებიც და შუქრუთელები დღეს კომპანიისგან ამ ხელშეკრულების შესრულებას ითხოვენ, რომელსაც მაშინაც პროტესტის უკიდურესი ფორმებით მიაღწიეს.
ამ შეთანხმების საფუძველზე კომპანიამ იკისრა ვალდებულება, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეეფასებინა არა მხოლოდ კომპანიის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა, არამედ ასევე, დაედგინა, რამდენად უსაფრთხო იყო მათ სახლებში ცხოვრების გაგრძელება. შეთანხმების მიხედვით, კომპენსაცია ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: პირველ ეტაპზე კომპანია კერძო აუდიტორული კომპანიის მიერ უკვე დათვლილ ზიანს ანაზღაურებდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე - იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ აღმოჩნდებოდა, კომპანიას საცხოვრებლის სრული ღირებულება („ჩანაცვლებითი ღირებულება“) უნდა გადაეხადა. შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე გასაცემი კომპენსაცია ამ საერთო ღირებულებას უნდა გამოჰკლებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეთანხმება არ ითვალისწინებდა ალტერნატიული მიწის გამოყოფის ვალდებულებას, ადგილობრივებისთვის მიყენებული მორალური ზიანის, სხვა არამატერიალური ზიანის, მათ შორის, დაკარგული შემოსავლის და ხარჯების ანაზღაურებას, რასაც, ასეთ შემთხვევებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მოითხოვს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანიამ დაიწყო პირველი ეტაპის კომპენსაციის გაცემა, თუმცა ეს ანაზღაურება შუქრუთის მცხოვრებლებიდან მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა[1] მიიღო და სახელისუფლებო არხებიც მხოლოდ ამ რამდენიმე ოჯახისთვის გადახდილი არასრული კომპენსაციის საფუძველზე ავრცელებენ მანიპულაციურ ცნობებს ადგილობრივების დაკმაყოფილების შესახებ. დანარჩენ პროტესტის მონაწილე შუქრუთელებს კი კომპანიისგან საწყისი კომპენსაციის თანხაც არ მიუღიათ და რაც მთავარია, კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულება, ადგილობრივებისთვის მიეწოდებინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნები, მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის და იქ ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. შესაბამისად, არ მომხდარა არც სამხარაულის დასკვნების საფუძველზე შეფასებული ზიანის სრული ანაზღაურება.
სოფელ შუქრუთში შექმნილ მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ. გარდა იმისა, რომ მოპოვებითი საქმიანობა საჯარო რეგულირების საგანია და “ჯორჯიან მანგანეზის” შემთხვევაში ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საყურადღებოა, ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც შუქრუთელების პროტესტის მიმართ გამოიყენება სახელმწიფო ინსტიტუტებისა თუ თავად კომპანიის მიერ. კერძოდ, პროტესტის რამდენიმე მონაწილის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლოს მიერ მიღებული აქტის შედეგად, ასევე, აიკრძალა მაღაროსთან პროტესტის გამართვა. კომპანიამ კი თავის მხრივ, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტში მონაწილე 5 თანამშრომელი.
სახელმწიფოს ამ დრომდე არ უღიარებია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კრიზისული ვითარება. მათ შორის, არ მიუღია ზომები იმ სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის აღმოსაფხვრელად, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა დგას. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ და ხელისუფლების მხრიდან ადამიანების უფლებების უმძიმეს დარღვევებზე პასუხისმგებლობის არიდებამ მიიყვანა შუქრუთელები შიმშილობის და პირის ამოკერვის უმძიმესი პროტესტის ფორმებამდე. ამ ეტაპზე, საიმისოდ, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გამოეხმაურონ შუქრუთელების პროტესტს და წამოიწყონ პროცესი, რომელიც ადგილობრივების სამართლიანი კომპენსირების გარანტიებს შექმნის", ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.