თბილისი (GBC) - პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს. სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე, საერთო ეროვნულ არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა". ამით ის გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დღევანდელ განცხადებას, სადაც ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევისკენ მოუწოდებენ.
კობახიძემ "გადახვევა" და "გამონაკლისი" უწოდა 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დამკვირვებელთა მოწვევას და თქვა, რომ მაშინ "რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან".
"შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. იცით, რომ ეუთო/ოდირი აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს და დადო სათანადო დასკვნა, თუმცა არავინ დაინტერესდა ამ დასკვნით და დღეს, იგივე ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, გვთხოვენ ეუთო/ოდირის მოწვევას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეუთო/ოდირის გარეშე ადგილობრივი არჩევნები 2014 წელს ჩატარდა. მისია აკვირდებოდა 2006, 2017 და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს.
ოთხშაბათს, 18 ივნისს, ბრიტანეთის საელჩომ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ორგანიზაციის რეკომენდაციები.
ამასთან, საელჩომ "ოცნებას" შეახსენა ვალდებულება, რომელიც ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში. კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის.
შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია.
ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, რომ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, - წერს დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.