თბილისი (GBC) - გამომცემლობა interfax.ru წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა (Россельхознадзор) 16 ივნისიდან შეიძლება აკრძალოს სომხეთიდან ყვავილების იმპორტი. მიზეზად, მოჭრილი ყვავილების ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა სახელდება.

„როსსელხოზნადზორის“ თანახმად, 2025 წელს რუსეთში მკვეთრად (49,7%-ით) გაიზარდა სომხეთიდან მოჭრილი ყვავილების იმპორტი.

”გარდა ამისა, აღინიშნება საკარანტინო ობიექტების გამოვლენის განმეორებითი შემთხვევები ყვავილებსა და სხვა ტიპის მცენარეთა პროდუქტებში”, - ამბობენ რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურში.

სომეხ მეყვავილეებს სხვა მიმართულებითაც უჭირთ ექსპორტზე ყვავილის გატანა, მათ შორის, 6 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთიდან შემოტანილი 10 000 ცალი დაავადებული ყვავილი უკან დააბრუნეს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა. კერძოდ, მცენარეებზე აღინიშნებოდა მავნე მწერები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნებას.