თბილისი (GBC) - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ორგანიზაციის ახალ აღმასრულებელ დირექტორს დღემდე არ არეგისტრირებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი და ხარვეზი შესაბამის ვადებშია გამოსწორებული.
ორგანიზაცია პროცესის გაჭიანურებას კანონმდებლობის უხეშ დარღვევად აფასებს და მიიჩნევს, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ შეფერხებას ეხებოდეს.
ISFED წერს, ორგანიზაციის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გამგეობამ 2025 წლის 23 აპრილს აირჩია. გადაწყვეტილების რეგისტრაციის მოთხოვნით მათ 30 აპრილს მიმართეს საჯარო რეესტრს. სააგენტომ მომდევნო დღეს, 1 მაისს, სარეგისტრაციო პროცესი შეაჩერა და ხარვეზი დაადგინა, რომელიც ორგანიზაციამ უკვე მეორე დღეს, 2 მაისს, სრულად აღმოფხვრა.
„კანონის მიხედვით, ხარვეზის გამოსწორებიდან მეორე დღეს სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა ამას არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ 14 მაისს, ვადების დარღვევით, სააგენტომ წარმოება კვლავ შეაჩერა და ახალი ხარვეზი დაადგინა, რომელიც ISFED-ის ინფორმაციით, ასევე მეორე დღესვე - 15 მაისს - სრულად გამოსწორდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის 17 ივნისის მდგომარეობით, საჯარო რეესტრს ცვლილება ჯერ კიდევ არ დაურეგისტრირებია.
ISFED აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის მოქმედება არღვევს როგორც საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ისე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და შესაბამისი მთავრობის დადგენილებით დადგენილ ვადებს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ქმნის უსამართლო წინაღობას მის საქმიანობაში და ხელს უშლის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
„მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესი სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს და პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ატარებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც ბოლო წლებში ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის მიმართ წნეხს ახორციელებს.