თბილისი (GBC) - სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება საჯარო სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებას და ამბობს, რომ "მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება". სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.
„2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მომართეთ სახალხო დამცველის აპარატს“, – წერია განცხადებაში.
კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირი და საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე განწესებული პირი ითვლება ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირად, რაც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ პირს უფლებას ანიჭებს ნებისმიერ დროს, ერთი თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში, გაათავისუფლოს არასასურველი კადრი.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.