თბილისი (GBC) - საქართველოს სახალხო დამცველი „ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანამდევ კანონპროექტებში ცვლილებათა პაკეტის განხილვას აფასებს და აღნიშნავს, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.

„სამწუხაროდ, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს.

ასევე, მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება“, – წერს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ინიციირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე, სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.

„ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა, მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013-წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს – არ განიხილოს აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით და ამ ცვლილებების განხილვა მოხდეს საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით.