თბილისი (GBC) - ქვეყნის პრეზიდენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის რეინიცირებას და ქალების კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა.
"მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს მინდა მივმართო ,,ოცნებას“ და ,,ოცნების“ წარმომადგენლებს.
გილოცავთ, ბატონებო! რამეთუ ქალებს თქვენ ან აღარაფრად თვლით, ან თუ თვლით ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის, მაგრამ ყველაზე მოსალოცი ისაა, რომ თქვენ შეძელით და თქვენი რუსული კანონის ინიცირება, (ბოდიშს ვიხდი ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ), 31 მარტისა და 9 აპრილის იმ კვირას დაამთხვიეთ, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის ეროვნული სულისკვეთებით ალბათ, ყველაზე დატვირთული კვირაა, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული! და დღეს, ეს ორი - ეროვნული და ევროპული ცნება ერთადაა. ამის გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას.
თქვენ არ გინდათ დაინახოთ და მოისმინოთ, რომ საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ ერთიანია: - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ, რუსეთი აქ არასოდეს დაბრუნდება!
„ოცნებამ“ თავისი სახე უკვე გამოაჩინა. 15 დეკემბრიდან გვეუბნებოდნენ: ,,ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ“ და ეს რაღაც ახალი რიტორიკა ცოტახნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია. „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა. ევროპას უთხრა - არა ყველა მიმართულებით, რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ, 9 რეკომენდაციაში წერია. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც ჩვენ ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას განაპირობებს, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ დაკავებულია ამ ჩვენი გზისა და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი ერთადერთი სიტყვაა, რაც მომაფიქრდა.
არა იუსტიციის რეფორმას!
არა, ვეტინგს! მაგრამ მთავარია, მურუსიძესა და ჩინჩალაძეს არ გავწირავთ, საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კიო.
არა სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზეც გვეუბნებიან, რომ აუცილებელია თანამეგობრობაში შესასვლელად.
ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის. ძალიან მაგრები ვართ, არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს! ეს არის ამ ყველაფრის სარჩული.
არა სამართლიან არჩევნებს! ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები. ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო. ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმჯდომარეო.
არა დიასპორის მონაწილეობას, ვინიცობაა ჩვენი არ იყოს და როგორ შეიძლებაო, ამას შეურაცხყოფაც ყოველთვის თან ახლავს - ყოველ „პადიეზდში“ ხომ არ გავხსნით საარჩევნო უბანსო.
არა ქალების უფლებებს! არა იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას, რაც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით გვქონდა, უკან-უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო.
არა ანტიკორუფციულ ზომებს! პირიქით, თურმე არ უნდა ვიცოდეთ როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები, თუ ყოფილი პრემიერები, მთავარია მდიდარი დედ-მამა, შვილები, ან ძმები ჰყავდეთ და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.
არა და არა დეპოლარიზაციას! პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას და ამას ემსახურება ყველა ეს ინიცირებული კანონი - პროვოკაციული ლგბტ, თუ რუსული კანონის მეორედ შემოტანა, ვითომცდა ისტორიაში ყველაფერი მეორდება.
ეს ყველაფერი საკუთარი ხალხის პირდაპირი გამოწვევაა, ამავდროულად, ცხადია ჩვენი პარტნიორების გამოწვევაა, რომლებმაც ავანსად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენგან იმის გულწრფელ გამოხატულებას ელოდებიან, რომ ჩვენ მივდივართ ამ გზაზე და რომ ამ გზაზე სიარულის პოლიტიკური ნება არსებობს.
რას ემსახურება ეს გამოწვევა? რომ არეულობა და ერთგვარი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, რაღაც ომის პარტიის მომხრედ და ა.შ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია, ზოგიერთ ჩვენგანს, წლების წინ, ეს უკვე გავლილი აქვს და არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშეთში, ამიტომ ამ ყველაფრისთვის ჩვენი საზოგადოება ძალიან მომზადებულია და თავისი გზიდან ვერავინ გადაახვევინებს!
პასუხი ამ ყველაფერზე: ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და საქართველოს მიმართ ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება ჰქვია, არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!
ცოტა ხანში არჩევნები მოდის. ხელისუფლებამ ჩვენზე ბევრად კარგად იცის, თუ რა არის რეალური ციფრები; ძალიან კარგად იცის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა და მიშას დაბრუნება - ყველაფერი მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება.
რეალობაა, რომ ქვეყანაში არსებობს დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა და რომ ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი უნდა.
ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაციაა საჭირო და სწორედ არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა! აქ საჭიროა მომზადება, მომზადება იმისთვის, რომ ყველანი ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ გავიდეთ.
ალბათ, რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით, რაც მაინც და მაინც პარტიების გაერთიანებას არ ნიშნავს, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ეს საზოგადოების გაერთიანებას ნიშნავს, ევროპაზე ეროვნულ თანხმობას ნიშნავს - ამ დროშას მე ბოლომდე დავიჭერ და ბოლომდე თქვენთან ერთად ვიქნები, რომ ამ მომავალ არჩევნებზე ჩვენ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს და ვერაფერს უზამს ამას, დღეს ,,ოცნების“ მიერ დატრიალებული გეგმები თუ ხრიკები."