თბილისი (GBC) - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე ქაოსსა და საქართველოს ისტორიულ გამძლეობას ეხება.

პაპუაშვილის განმარტებით, სამყაროში შექმნილი რთული ვითარება ქართველი ხალხისთვის უცხო არ არის და ქვეყნის ისტორია სწორედ მსგავსი გამოწვევების დროს იწერებოდა. მისი თქმით, საქართველომ არაერთი ომი და ეპოქალური კატაკლიზმი გამოიარა, როდესაც ყველაფერი იშლებოდა და თავიდან იწყებოდა.

„როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა - ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში“, - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ქართველი ხალხის უნარს, ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი შეინარჩუნოს სამშობლო და ეროვნული ღირსება. ის მოუწოდებს საზოგადოებას, გაიხსენონ საკუთარი იდენტობა, როგორც ძალა, რომელიც ქარიშხლებს უძლებს.

„ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, საკუთარი ღირსება და საკუთარი მემკვიდრეობა. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას“, - ნათქვამია განცხადებაში.