თბილისი (GBC) - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს, 4 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ დელეგატების მონაწილეობის შესახებ საუბრისას, მან პრეზენტაციაზე ეკრანზე აჩვენა საქართველოს რუკა და თქვა, რომ ოცდაათივე საარჩევნო ოლქში ჰყავდათ დელეგატები, რომლებმაც მოსახლეობასთან შეხვედრები ჩაატარეს. ამ ინფორმაციის ვიზუალურად გადმოსაცემად, პაპუაშვილმა „სლაიდზე“ აჩვენა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი -  არ ჩანდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ჩანდა რუკაზე დროებით ოკუპირებული ტერიტორიები - შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს შეკითხვა შეუბრუნა: „გაფიცებთ, ვინ მოგწერათ ეს კითხვა?

ამის შემდეგ კი პაპუაშვილმა სადავო რუკის შესახებ ილაპარაკა; "როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს ვერ ვატარებთ და შესაბამისად, დელეგატებიც არ არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ აქ არის ის საარჩევნო ოლქები, სადაც დელეგატები იყვნენ წარმოდგენილები და სადაც ჩატარდა არჩევნები. საქართველოს სრულ ტერიტორიაზე, ოკუპაციის გამო, არჩევნები ვერ ტარდება. თუკი ვინმეს აქვს პრობლემა ფერების აღქმაში, მაშინ მათ მოვუწოდებ, რომ დააკვირდნენ - საქართველოს ის ნაწილები, რომლებიც ოკუპირებულია, რუხი ფერით არის გამოსახული, მის გარშემო, არასაქართველოს ტერიტორიები არის თეთრი ფერით. ესეც აჩვენებს, რა სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე. ვინც ამას აკეთებს, უბრალოდ ამ ქვეყნის შვილები არ არიან, ჩემი შეფასებით“.

"რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს", - წერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა.

მისივე თქმით, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა.

„რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან!

ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს პოსტების წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოში ამ დრომდე მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ გაიზიარა: ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. გარკვეული დროით, აღიარების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ვანუატუსა და ტუვალუს, მაგრამ შემდეგ გააუქმეს. ცხინვალსა და სოხუმში ამ ფაქტს არ აღიარებენ.